25 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რუსეთი დამნაშავედ ცნო, მის ოჯახს კი კომპენსაცია მიანიჭა - საია

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა. მათივე ცნობით, ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციითვე, მოცემულ საქმეში ასევე დადგინდა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გადაწყვეტილების შესახებ იურისტი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე, რომელიც სტრასბურგში ვაწარმოვე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Tamuna Abazadze ამ ნდობისთვის, ასევე Nino Jomarjidze, რომლის გარეშეც ვერაფერს გავხდებოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავას, რომლებიც იძულებული იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები, რაც ძალიან მძიმე იყო.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია, რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება, სავარაუდოდ, არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები, პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!," - წერს გიორგი ტაბატაძე facebook-ზე.

დღის ამბები