25 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ლევან დავითაშვილს უსმენენ

ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების უსმენენ. ლევან დავითაშვილი პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევრო ოპტიმისტებმა" დაიბარეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, მინისტრის მისამართით დასმული კითხვები, ძირითად, ჩინეთში ვიზიტს ეხება.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ლევან დავითაშვილის ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც იმყოფებოდა, აცდენილი იყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

გარდა ამისა, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ საერთაშორისო ტრიბუნალმა პუტინი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, შესაბამისად, მისი შეფასებით, დავითაშვილი ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, არამედ საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასაც ასცდა.

"იცით, პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, მიჩნეულია სისხლის სამართლის დამნაშავედ.

ჩვენ ვართ წევრები და ვაღიარებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის ყველა გადაწყვეტილებასა და განაჩენს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ, თქვენი სახით, წარსდგა მაღალი თანამდებობის პირი ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც უარი თქვეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა.

ასევე მე განვიხილავ, როგორც შეუსაბამობას, არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის კონტექსტშიც", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის ფორუმზე იმყოფებოდა, უშუალოდ, ჩინეთის პრეზიდენტის მოწვევით, შესაბამისად, მასზე რაიმე მიზეზით უარის თქმა ჩინეთის მიმართ უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

"გეუბნებით, დიახ, რუსეთი ოკუპანტია. დიახ, რუსეთი მტერია. დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სინ ძინპინის მოწვევა, პირადი მოწვევა - კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ასეა დოკუმენტურად. მისი მოწვევა ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ. ჩვენი მხრიდან, ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ ჩინეთთან გვაქვს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები