კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა პრემიერს, მთავრობას, საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ყოველ ჯერზე წინ წაიწიოს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით.
"კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება და მთავარი, ვინც დაიმსახურა სტატუსი, ეს არის ქართველი ხალხი.
ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე და ხალხიც იდგა სერიოზული სირთულეების, გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ მიგვეღო სტატუსი. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა პრემიერს, მთავრობას, კოლეგებს, პარლამენტარებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირი ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ დღეს ჩვენ გვეზეიმა. მადლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. აშშ-ის ელჩს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, წინ გასავლელია გზა, რათა ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.