25 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
პრეზიდენტი ამბობს, რომ "სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს" - რატომ შეცვალა სალომე ზურაბიშვილმა პოზიცია "არა და არასდროს"?!

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. რადიო "თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს.

"უარი არ განმიცხადებია... მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ. ეს არ შეეხება იმ ფაქტს, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ამ გზაზე [ევროპულ] დაყენებაზე. არამხოლოდ მან, შევარდნაძემაც დიდი როლი შეასრულა. ის იყო პირველი, ვინც ჭიშკარი გახსნა", - თქვა ზურაბიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თქმით, მას სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს, არქივი ინახავს რამდენიმე განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი კატეგორიულად გამორიცხავდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

"პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო - არა და არასოდეს. იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა. …იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვაო. დღეს, როცა კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა და იმიტომაც, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, საერთაშორისო გაფრთხილებების მიუხედავად, რომელიც მას მიუვიდა. ამიერიდან კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი სახელმწიფოს მშენებლობის. არა რევანშის, პირიქით, დეპოლარიზაციის. ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება არავითარი მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს", - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წელს.

მისივე თქმით, "ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას".

დღის ამბები