25 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი" - ისტორიულ სამიტამდე ორი დღით ადრე, ბრიუსელიდან მხარდამჭერი გზავნილები ისმის

ისტორიულ სამიტამდე ზუსტად ორი დღე რჩება. "საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, მას სტატუსი უნდა მიენიჭოს" - ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ბრიუსელში მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ოლივერ ვარჰეის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან და, საბოლოოდ, დაადასტურებენ კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

"ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ეს ასახული ლიდერების სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში, რომელსაც ყველა ველოდებით ამ კვირაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ასევე შეთანხმდებიან, რაც იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას," - განაცხადა ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

ამასთან, როგორც ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში პასკალ იგნასიო ნავარო რიოსიმ განაცხადა, გაფართოება არის უკიდურესი მნიშვნელობის საკითხი, იმ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე უნდა იქნას მიღებული.

"გაფართოება არის უკიდურესი მნიშვნელობის საკითხი, იმ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე უნდა იქნას მიღებული. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ჩვენ შევძელით გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძლიერი მხარდაჭერა გაფართოების პროცესისადმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის," - აღნიშნა ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში პასკალ იგნასიო ნავარო რიოსიმ.

პარალელურად, მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დასკვნა, სადაც დეტალურად, პუნქტობრივად არის საუბარი ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც გაფართოების პაკეტში იყო. საქართველოსთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებას და მიესალმება ევროინტეგრაციისთვის გატარებულ რეფორმებს.

"ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. საბჭო მიესალმება საქართველოს სრულ მომზადებას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად, ხელს უწყობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს. საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი. დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება და მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები უნდა დარჩეს ქვეყნის პრიორიტეტად საბჭო მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს," - ნათქვამია დოკუმენტში.

დღის ამბები