25 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ, კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნეს წრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნეს წრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების საკითხებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.

დღის ამბები