ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით, მოქალაქეები მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებენ.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების 15 ცენტრი გაიხსნება.
“გავხსენით ახალი მომსახურების ცენტრი ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით ვაკე-საბურთალოს რაიონში, რომელიც ახალი პრინციპით მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს. ჯანდაცვის სამინისტროს 4 სააგენტო იქნება განთავსებული და ერთი ფანჯრის პრინციპით უფრო კომფორტულად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას,“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.