25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ევროკომისიის 9 დათქმის შესრულება და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება

ევროკომისიის 9 დათქმის შესრულება და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოლიტიკური განცხადებები დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებების მორიგი მიზეზი გახდა. ოპოზიციის ნაწილი რეკომენდაციების შესრულების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. პარტიებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ხელისუფლების ცვლილების პირობებში აქვს. მმართველი ძალა კი, ოპონენტების განცხადებების მიღმა, მათ ვიწროპარტიულ ინტერესს ხედავს.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ საგარეო კურსის ცვლილება განიცადა. სალომე სამადაშვილმა აქცენტი რუსეთთან მოკავშირეობაზე გააკეთა, რასაც უმრავლესობამ დარბაზიდანვე უპასუხა. "ქართული ოცნების" წევრებმა ოპონენტებს ურჩიეს, თუ რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ აქვთ, პროცესს ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

მმართველი ძალის მსგავსად, ზოგიერთი პარტიისთვისაც გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია სამუშაო პროცესში. გიორგი გახარიას გუნდმა კოლეგებს მოუწოდა, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაზე უარი არ თქვან.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიების ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ამჯერადაც გამოეთიშება, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დამაზიანებელი ნაბიჯი იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმში არიან და ჯერ არდაწყებულ პროცესს ფარსს უწოდებენ.

მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა რეკომენდაციების შესრულებას ბოიკოტს გამოუცხადებს. ოპოზიციის ჩართულობით, თუ მათ გარეშე, "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება 9-ვე დათქმას შეასრულებს, ეს კი ქვეყანას ახალ შესაძლებლობას გაუხსნის - სტატუსის მინიჭებიდან, ევროკავშირთან, წევრობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.

როგორ აპირებს ხელისუფლება ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებას - სამოქმედო გეგმა ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათშორისმა კომისიამ დაამტკიცა და ის უკვე ევროკომისიასაც გადაეგზავნა. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადებიც და პასუხისმგებელი უწყებებიც.

დღის ამბები