25 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობიდან" პირდაპირ ეთერში გარიცხა - ვინ აუჯანყდა პარტიაში ხაბეიშვილს?

ყოფილი თავმჯდომარის სათქმელი, მედიასთან, დღეს ნიკა მელიას თანამოაზრეებმა გააჟღერეს და ლევან ხაბეიშვილის მართვის სტილს საბჭოური უწოდეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგი განხეთქილების მიზეზი ხაბეიშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილი, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში გარიცხა. საპასუხოდ და პარტიის დაზიანების გამო, ნიკა მელიას გუნდმა დღეს ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა.

ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში გააფორმა, სადაც წამყვანების წერილობით კითხვაზე ხელი მოაწერა და დაადასტურა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და არც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.

მოქმედ თავმჯდომარეს, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, დღეს პარტიის უხუცესი და მათ შორის პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრებიც დაუპირისპირდნენ. სააკაშვილის ერთგულმა თანამებრძოლებმა პირდაპირ თქვეს, რომ პარტიის ლიდერის განაცხადი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ერთ-ერთი პირველი გიორგი ბარამიძე იყო, რომელმაც, შეუთანხმებელი პოზიციების გამო, პარტიული თანამდებობის დატოვებაც კი არ გამორიცხა.

ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება არც მოქმედი მენეჯმენტის მხარდამჭერებმა მოიწონეს. გიორგი მუმლაძის ფლანგმა, "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისული ვითარების შექმნის გამო, პასუხისმგებლობა სრულად ლევან ხაბეიშვილს დააკისრა და პირდაპირ უთხრა - თუ დაკავებულ პოზიციას თავად არ დატოვებს, ამ გადაწყვეტილების მიღებას პარტიის წევრები აიძულებენ.

პარტიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარს გაურბიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ვინც ლევან ხაბეიშვილის პოზიციას ეთანხმებიან, ამბობენ, რომ მელიამ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებას დღეს პარტიიდან წასულებიც გაემიჯნნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პარტიის გადარჩენის ერთადერთი გზა თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნებია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირება, მმართველი გუნდის შეფასებით, ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აღსასრულის დასაწყისი იქნება.

თავად ლევან ხაბეიშვილს მედიასთან დამატებითი განმარტებები დღეს აღარ გაუკეთებია. მისი პირდაპირ ეთერში ხელმოწერილი გადაწყვეტილება მალევე იქცა ოფიციალურ დოკუმენტად და განცხადება, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში უკვე პარტიის სახელითაც გავრცელდა. განცხადებაში წერია, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ წარმოადგენს, ეს საკითხი დახურულია და ამ თემაზე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება.

დღის ამბები