შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით და "კურიერთან "დარღვეული დუმილი - 24 წლის ქალს ყოფილი პარტნიორი, 3 წლის განმავლობაში აშანტაჟებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა
ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ ყოფილი პარტნიორი, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, სამი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა. კაცმა მუქარა სისრულეშიც მოიყვანა. მან ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა მის მეუღლესა და ნათესავებს გაუგზავნა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, 24 წლის ქალს ახლადშექმნილი ოჯახი დაენგრა, თუმცა ყოფილი პარტნიორის მხრიდან მუქარა მაინც გაგრძელდა.
სამწლიანი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ, დაზარალებულმა დუმილი დაარღვია. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში განცხადება დაწერა. ქალი ყოფილი პარტნიორის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო. გამოჰკითხეს მოწმეები და ამოიღეს მტკიცებულებებიც. შედეგად, სამართალდამცველებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი დააკავეს.
"კურიერი" თავად ბრალდებულის პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა, ამ ეტაპზე, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაულის დეტალებზე არ საუბრობს მისი ადვოკატიც.
27 წლის ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.