25 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, ვამაყობთ, რომ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაური აზერბაიჯანში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა მთავრობის მეთაურთა სამიტზე.

პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. პრემიერმა ისაუბრა სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე.

ორმხრივ პროექტებზე, შუა დერეფნის განვითარებაზე, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირების კონტექსტში, მნიშვნელოვან ინვესტიციებზე, ახალ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე, რომლის სიმძლავრე იქნება ასი მილიონი ტონა წელიწადში. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში.

მისი განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან.

დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი - "გაეროს სპეციალური პროგრამა, ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის", წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

"აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთ მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით ე.წ შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა.

შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირ-წყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი ეკონომიური და საიმედო არხი, ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე.
დაკავშირებადობის ხელშეწყობას, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე მიმზიდველი ბიზნეს გარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზან, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა მთელს რეგიონში.ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში, რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სიმძლავრე იქნება წლიური 100 მილიონი ტონა წელიწადში, ასევე ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე,, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ, გასულ წელს, დეკემბერში, ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის ლიდერებმა. ვფიქრობ, ეს პროექტი საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილი არის 48%-ით. 2024 წლის ბოლოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 ტონა წელიწადში. აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის პროექტში, ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი.

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფ ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირისა უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით.

მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის პოზიტიური. აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს, 10 თვეში, ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა მილიარდ ორას ოცდაათი მილიონი დოლარი, ასევე ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს 10 თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები