25 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ფხენიანმა სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა - მეზობელი ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ ეს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნაწილი იყოს

ფხენიანმა სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა. ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, რაკეტამ ორბიტაზე მზვერავი თანამგზავრი გაიყვანა. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ეს ფხენიანის მესამე ცდა იყო, რადგან წინა ორი, მაისსა და აგვისტოში, წარუმატებელი აღმოჩნდა. ოფიციალურად, მესამე გაშვების წარმატებაც დასადასტურებელია, რადგან მეზობელი ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ ფხენიანის განცხადება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნაწილი იყოს. სეულმა ფხენიანი რაკეტის გაშვებამდე გააფრთხილა.

მზვერავი თანამგზავრის გაშვება, სამხედრო მოდერნიზების შესახებ კიმ ჩენ ინის გეგმის ნაწილია. ტოკიო და სეული, სატელიტის ორბიტაზე გაშვების წარმატების დადასტურებას ჯერ სიფრთხილით ეკიდებიან და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ. კორეის იონსეის უნივერსიტეტის ასტრონომიულმა კამერამ, რომელიც მეტეორებს აკვირდება, რაკეტის მხოლოდ ერთი საფეხურის განცალკევება გადაიღო. ფხენიანის ქმედების შემდეგ, სეულმა 2 კორეას შორის 2018 წელს გაფორმებული სამხედრო შეთანხმება ნაწილობრივ შეაჩერა. ფხენიანი კი სეულს, საზღვარზე მეტი შეიარაღების განთავსებით დაემუქრა.

2 თვის წინ, რუსეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, პუტინმა მიანიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეას თანამგზავრების განვითარებაში დაეხმარება. დასავლეთმა კი ფხენიანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, განცხადება გაავრცელეს და გაეროს უშიშროების საბჭოს საპასუხო ზომებისკენ მოუწოდეს.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების საფრთხის შეკავების საჩვენებლად, ამერიკის საზღვაო ფლოტის ავიამზიდი კარლ ვინსონი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანში ჩავიდა. გარდა ამისა, შეერთებული შტატები მზად არის მოკავშირეებს რაკეტები მიაწოდოს. სეულისთვის საიდუაინდერების პოტენციური მიყიდვის გეგმა ვაშინგტონს უკვე დამტკიცებული აქვს. ტოკიო კი 400 თომაჰაუკის შეძენას აპირებს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეიარაღების ყველაზე მასშტაბური ზრდა იქნება იაპონიაში.

 

დღის ამბები