81 ხმით და მესამე მოსმენით მთავრობის მეთაურის ინიციატივა დეპუტატებმა კანონად აქციეს. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან და აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს.
თუმცა, ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს. ამავე დროს, პასუხისმგებლობას კანონის თანახმად ვერ გაექცევიან საჯარო მოხელეები, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომლები და ის პირები, ვინც დანაშაულის ჩასადენად სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენეს.