"ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება უმრავლესობაში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამ ორი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებისა, თუკი ისინი ალიანსს შექმნიან, ეს იქნება ორივე პარტიისთვის პოლიტიკური დასამარება.
"არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება ორივე პარტიისთვის პოლიტიკური დასამარება საბოლოოდ. რამე წმინდა არ არსებობს? შეგიძლია დღეს აგინო ერთმანეთს, სარჩელები და უბედურებები გქონდეს ერთმანეთთან, სასამართლოს გზით დაპირისპირება გქონდეს და უცებ, წინასაარჩევნოდ ისევ გაერთიანდე და ჩაეხუტო, რაღაც თავმოყვარეობის ნატამალი არ დარჩა ამ ოპოზიციაში? ეს თუ მოხდა, ეს იქნება მათი საბოლოოდ ჩამონგრევა და ჩამოშლა საზოგადოების თვალში. ჩვენ გვაწყობს, იმიტომ, რომ რადიკალები რომ ერთიანდებიან, ამომრჩეველს უფრო უადვილდება არჩევანის გაკეთება," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის დაპირისპირებაა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ალიანსს გამორიცხავენ. "ლელოში" ამბობენ, რომ მათი მიზანი ახლა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი, რამედ პარტიის ინდივიდუალური გაძლიერებაა. თავად პარტიაში "საქართველოსთვის" ამბობენ, რომ "ლელოსთან" სამომავლო კავშირის სურვილი არც თავად აქვთ.