ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, ჭურვები, ჯავშანჟილეტი - ეს ალ-შიფას კლინიკის ტერიტორიაზე "ცახალის" მიერ აღმოჩენილი არსენალის არასრული ჩამონათვალია. შეიარაღების გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს სხვადასხვა ფლიგელში "ჰამასის" კუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებები და კომპიუტერული ტექნიკა იპოვეს. მყარ დისკებზე მძევლების ფოტოებია.
"ცახალი" ალ-შიფას საავადმყოფოში სპეციალურ ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სამედიცინო დაწესებულების კომპლექსის ქვეშ "ჰამასის" ინფრასტრუქტურაა. კერძოდ, სამეთაურო შტაბი და იარაღის საწყობები.
სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციას აკრიტიკებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ საავადმყოფო საბრძოლო მოქმედებების ზონად არ უნდა იქცეს.
ალ-შიფას გარდა ანტიტერორისტული ოპერაცია ღაზას სექტორის ფაქტობრივად მთელ ტერიტორიაზე გრძელდება.
"ცახალის" ინფორმაციით, ანეიტრალებენ "ჰამასის" დაჯგუფების წევრებს, რომლებიც ჩასაფრებებს აწყობენ. პარალელურად ნადგურდება ტერორისტული ორგანიზაციის მაღალჩინოსნების კუთვნილი ქონება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიკავეს ღაზის პორტი. ამ ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ისრაელი ღაზის ოკუპაციას არ აპირებს.
ტერორისტებს ებრძვიან ისრაელის თავდაცვის ძალები, როგორც ღაზას სექტორში, ისე იერუსალიმში. "ცახალმა" დღეს ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე 4 კაციან დაჯგუფებას გაუხსნა ცეცხლი. 3 ტერორისტი ლიკვიდირებულია. ერთმა,წინასწარი ინფორმაციით, გაქცევა მოახერხა. მოკლულების ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა.
ომის დაწყების 41-ე დღეს გაეროს უშიშროების საბჭომ პირველი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები სამოქალაქო პირების დაცვის კუთხით. ასევე ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ მძევლები. დოკუმენტს საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. თავი შეიკავეს - შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა.