დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, შენობების უმეტეს ნაწილს რეაბილიტაცია სჭირდება. ავარიული შენობების მდგომარეობაზე "კურიერთან" რუსთაველის პროსპექტის მცხოვრებლებიც საუბრობენ. თბილისის ეს ისტორიული უბანი, ტურისტებითაც მუდმივად დატვირთულია.
დედაქალაქის მერმა, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააანონსა. კახა კალაძემ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ეტაპები დეტალურად განმარტა.
თბილისის მთავარ გამზირზე, სამუშაოები 3 ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში, მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერი, შემდეგ დაიწყება ქუჩაზე არსებული დაზიანებული შენობა-ნაგებობების სახურავების, ფასადების რეაბილიტაცია-გამაგრება . მიწისქვეშა გადასასვლელებში, ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. ბოლო ეტაპზე, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და გზის ახალი საფარი დაიგება.
მთავარ გამზირზე, სამუშოებს თბილისი განვითარების ფონდი განახორციელებს. რეაბილიტაციის პარალელურად, ტრანსპორტის მოძრაობის საგზაო გეგმა, ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია, მომდევნო წელს დაიწყება. შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოებზე დაახლოებით 60 მლნ, გზის მოწესრიგებაზე კი 30 მლნ ლარი დაიხარჯება.