25 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები დღეს სესიაზე გაკეთდა - რა ურთიერთბრალდებები ისმოდა საკანონმდებლო ორგანოში

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე დღეს პირველად შეიკრიბნენ. თითქმის ყველას გამოსვლის მთავარი აქცენტიც სწორედ სტატუსს შეეხებოდა.

ვისი დამსახურებით მიიღო ევროკომისიამ სტატუსის გაცემის რეკომენდაცია - კითხვას აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს. ოპოზიციაში მხოლოდ საკუთარ და საზოგადოების წვლილზე საუბრობენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანას ეს შესაძლებლობა არ ექნებოდა.

დესტრუქციასა და სტატუსის საბოტაჟში ოპოზიცია დაადანაშაულა მმართველმა პარტიამ. უმრავლესობამ ოპონენტებს მიუთითა, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, სწორედ ხელისუფლების მუშაობის შედეგია და გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები შეცვალა.

წარსულის ნაცვლად, ოპოზიციის ნაწილი დღეს უკვე სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობდა. "ქართულ ოცნებასთან" ერთობლივი მუშაობა პარტიებს რთულად წარმოუდგენიათ, თუმცა ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებლად მიიჩნევენ.

ოპოზიციას რომ თანამშრომლობისკენ არაერთხელ მოუწოდეს, ეს მმართველმა ძალამ ოპონენტებს დღესაც შეახსენა.

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით 8 ნოემბერს გაიცა, დაახლოებით ერთ თვეში 15 დეკემბერს ქვეყანა უკვე ევროკავშირის წევრებისგან სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას ელოდება.

დღის ამბები