25 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში ჩართულ უწყების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიმართა და მათ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის კოდექსის პარლამენტში დამტკიცების შემდეგ 21 სექტემბერს ის ძალაში შევიდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი თავდაცვის კოდექსით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა და ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები.

ახალი კოდექსით 2025 წლიდან ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს მხოლოდ თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ, თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები; აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით.

დღის ამბები