25 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
ციხე იუსტიციის სახლით და ყველა სერვისით, რასაც თავისუფლებაზე მყოფი მოქალაქეები იღებენ - ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში გაიხსნა

ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება ლაითურში გაიხსნა. მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სასწავლო სივრცეებით. დაწესებულება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მსჯავრდებულთა უსაფრთხოებაზე და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე, პენიტენციური დაწესებულების 250-მდე თანამშრომელი იზრუნებს. მათ შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სახლიც გაიხსნა, რომელიც მსჯავრდებულებისა და თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იუსტიციის სახლების ფილიალების მუშაობა, ქართული ინოვაციაა.

სრულიად ახალი ტიპის პენიტენციური დაწესებულება, იუსტიციის მინისტრმა გახსნა. რატი ბრეგაძის თქმით, ის სრულად აკმაყოფილებს ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კომიტეტის ყველა რეკომენდაციას და მორგებულია როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს.

ლაითურის ციხე მცირე ზომის, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პირველი დაწესებულებაა. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დიდი ზომის ციხეების მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლება, ისევ გაგრძელდება.

დღის ამბები