საქართველოს ექს-პრეზიდენტი მოქმედის გადაწყვეტილების მოლოდინიშია. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას სალომე ზურაბიშვილის შეწყალება უზრუნველყოფს, პრეზიდენტი კი არ ჩქარობს. საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებაზე, ერთ-ერთ ეთერში, პრეზიდენტის ძმამ ისაუბრა.
ძმის განცხადებები კი, პრეზიდენტის ახლო გარემოცვის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაა მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებისთვის" გაუგებარია ოთარ ზურაბიშვილის როლი მსჯავრდებული სააკაშვილის შეწყალებაში.
მმართველი პარტიის მსგავსად ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა სასჯელი უნდა მოიხადოს. ოთარ ზურაბიშვილის მცდელობა კი იმედის მომცემია "ნაციონალური მოძრაობისთვის" და არა მხოლოდ ამ პოლიტიკური პარტიისთვის.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების საბოლოო დასკვნას ელოდება იუსტიციის სამინისტრო. მინისტრის განცხადებით, სწორედ მედიკოსების შეფასებაზეა დამოკიდებული მსჯავრდებულის სამედიცინოდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი. მინისტრთა კაბინეტის წევრები სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტს მისივე განცხადებას ახსენებენ და იმედი აქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მისი ერთგული დარჩება.
საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, სააკაშვილის შეწყალებას საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასება ექნება. თუ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილს შეიწყალებს, უმრავლესობის განცხადებით, მას იმ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, რაზეც სააკაშვილის ბრალეულობა, ქართულის გარდა საერთაშორისო სასამართლოსაც დადგენილი აქვს.
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის გზით საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა და მეორე დღესვე დააკავეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტმა რამდენიმე თვე გაატარა, ამ დრომდე კი ის "ვივა მედის" კლინიკაში იმყოფება.