25 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმს შეწირული ქართველები - რუსული სისასტიკის შედეგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მშვიდობის მნიშვნელობაზე ამ კვირაში პარიზში მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა. ოკუპაციის ფასი ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსულ სისასტიკეს ამ კვირაში კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. ზურგში ნასროლი ორი ტყვიით მოკლული თამაზ გინტური გუშინ დაკრძალეს. საფლავიდან ეკლესიაში გადასული ომის ვეტერანის მკვლელობა არ არის პირველი - საოკუპაციო რეჟიმს შეწირული ქართველების სია, სამწუხაროდ, ვრცელია.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2008 წელს, ოკუპანტებმა გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს 83 წლის ირინა მებონია;

უკანონოდ დააკავეს და წამების შედეგად, მოკლეს ბესიკ ანჯაფარიძე, 2010 წელს;

აწამეს და მოკლეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ნიკა ჯოჯუა, 2011 წელს;

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მოკლეს გიგა ოთხოზორია - 2016 წელს;

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ოკუპანტების უკანონო პატიმრობაში მყოფმა ირაკლი კვარაცხელიამ, 2019 წელს;

მდინარე ენგურის კვეთის მცდელობისას დაიღუპა ოთარ ჯობავა, 2020 წელს;

2021 წელს, რუსულ ოკუპაციას შეეწირნენ ენგურის კვეთისას თამაზ ბასლანძე, მაყვალა გამისონია, თამუნა ცატავა, ელგუჯა გვალია და გოჩა კორსანტია;

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, 2014 წელს, უკანონოდ დააკავეს და მოკლეს დავით ბაშარული. ოკუპანტებმა თვითმკვლელობის იმიტაცია გაითამაშეს, საქართველოს მოქალაქის ცხედარს რამდენიმე თვის შემდეგ ტყეში მიაგნეს;

უკანონოდ დააკავეს და წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი, 2018 წელს;

სამედიცინო ევაკუაციის ხელოვნურად გაჭიანურების გამო, გარდაიცვალა მარგო მარტიაშვილი, 2019 წელს;

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც რუსულ ოკუპაციას შეეწირა გენადი ბესტაევია. ის უკანონოდ 2019 წელს დააკავეს, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კი არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაგვიანებით, 2021 წელს გადმოეცა. უკანონო პატიმრობისას ბესტაევს განუვითარდა ინსულტი. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა;

2023 წელი - 6 ნოემბერი - საოკუპაციო ძალებმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას მოკლეს თამაზ გინტური.

 

დღის ამბები