სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. თამაზ გინტურს შაბათს დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინ, მოკლულის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მიუსამძიმრეს.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
"ეს არის ტრაგედია, ოკუპანტების კიდევ ერთი ხელწერა. ბუნებრივია, ამას აქვს მხოლოდ ერთი პასუხი - ჩვენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება გვექნება. მიმდინარეობს გამოძიება. ყველა შესაბამისს პლატფორმას გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილნი. რაც შეგვიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებთ. ოჯახს ვუსამძიმრებთ. ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ტრაგედია ქვეყნის დეოკუპაციით დასრულდება.
"ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრაგედიაა ის, რაც მოხდა. ეს ტრაგედია აუცილებლად დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით და გაერთიანებით. ბატონი თამაზის სახელით, ეს ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს - აუცილებლად გახდება სუვერენული, ბოლომდე დამოუკიდებელი და ერთიანი. აუცილებლად, დამნაშავეც პასუხს აგებს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.