ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ავტომობილი, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ქართულ მხარეს გადასცეს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, მანქანას ნატყვიარები აქვს, ავტომობილში არის სისხლის კვალიც. მთავარი საკითხი, რაზეც ახლა ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებაა.
საქმეში გამოჩნდა ე.წ. ოქროს მოწმეც - თამაზ პაპიტაშვილი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს. ის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანდა. პაპიტაშვილის ოჯახის წევრი, "კურიერს" უდასტურებს, რომ ის თამაზ გინტურთან და ლევან დოთიაშვილთან ერთად ეკლესიასთან იმყოფებოდა, თუმცა, ტერიტორია საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენამდე დატოვა.
ამ დრომდე, უკანონო პატიმრობაში რჩება 33 წლის ლევან დოთიაშვილი. ოჯახი მის გათავისუფლებას ელოდება, რასაც ქართული მხარე, მესამე დღეა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით ცდილობს.
ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების მოლოდინშია თამაზ გინტურის ოჯახიც. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალები იცის.
თამაზ გინტურის ოჯახი სამძიმარს იღებს. სოფელ კირბალში, სამძიმარზე დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.
6 ნოემბერს, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ჯერ სასაფლაოზე, შემდეგ კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიაში წავიდნენ, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს. ფაქტიდან მალევე ქართული მხარის მოთხოვნით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მკვლელის დასჯა და უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.