25 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია და პოლიტიკური შეფასებები

ბრიუსელიდან ნათქვამი სიტყვები, სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს რომ დაემთხვა - ეს ისტორიული მოვლენის შეფასების დროს, პარლამენტის სპიკერს არ გამორჩენია. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დამსახურებული აღიარება პროცესის არაერთი საბოტაჟის მცდელობის მიუხედავად მიიღო, რაც სახელისუფლებო ძალის სრულფასოვანი მუშაობის შედეგია.

ბრიუსელის რეკომენდაციას ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ახალი ისტორიული ნაბიჯი უწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად მუშაობას გეგმავს.

კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დამსახურებული გადაწყვეტილების მისაღებად, სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებულ მუშაობაზე გააკეთა აქცენტი. მამუკა მდინარაძემ დღეს პროცესზე ნეგატიური გავლენისთვის ოპონენტებიც გააკრიტიკა. გაიხსენა, გასული წელი და სტატუსის უსამართლოდ გადავადებაც.

კანდიდატის სტატუსის მოლოდინში განვლილი 20 თვე, შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღირსეული აღიარება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მმართველი ძალის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ღიად ისაუბრა. ოპოზიციამ ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა მხოლოდ საკუთარ ძალისხმევას და საზოგადოების სურვილს დაუკავშირა.

ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც მომავალ წევრს - ასე შეაფასა ევროკომისიის შუალედური ანგარიში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ნიკოლოზ სამხარაძე, დეკემბერში რეკომენდაციის ევროპული საბჭოს მხრიდან ოფიციალურად დამტკიცებას ელოდება, რაც მისი თქმით, ქვეყანას სრულიად ახალ, ინტეგრაციის ისტორიულ საფეხურზე გადაიყვანს.

ოპონენტების მხრიდან 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფების თითქმის სრულად უგულებელყოფა შეახსენა დღეს, საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური რეკომენდაცია, ხელისუფლების შრომამ და ქართველი ხალხის მტკიცე სურვილმა მოიტანა. მთავრობის მეთაურმა, თქვა ისიც, ევროინტეგრაციის პროცესში მმართველი ძალა, როგორც წარსულში, დღესაც ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

დღის ამბები