25 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ვიზიარებთ და ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, რეზოლუციებსა თუ განცხადებებს, იმ დათქმით, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზიანდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ვიზიარებთ და ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, რეზოლუციებსა თუ განცხადებებს, მაგრამ იმ დათქმით, რომ მთავარია, ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები.

"ისევ ვუბრუნდები ოკუპაციის საკითხს და მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი, გაცხადებული პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ რიგ შემთხვევებში, ვითვალისწინებთ რა ამ არაღიარების პოლიტიკას და მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, განგვიმარტავს, გვიმუშავია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. მათი დიდი ნაწილი იქნა სრულად გაზიარებული და მათ ესმით ძალიან კარგად ეს სენსიტიურობა ამ საკითხის. არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება, ჩვენ ეს გაუმჯობესება ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით. მიერთების პროცენტი გავზარდეთ 43%-მდე, მაგრამ სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება არ მეძლევა, მთელ რიგ შემთხვევებში ეს ეხება ჩვენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მთლიანობაში – მე ასეთი ფორმულირება მინდა გავაკეთო, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვუერთდებით, ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით, რეზოლუციები იქნება თუ განცხადებები და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს და კიდევ ვიმეორებ, რომ რაიმე სახით, რაიმე ფორმით, არ შეექმნას საფრთხე არაღიარების პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების და ა.შ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები