25 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი უმძიმესი ფაქტის შემდეგ მეორე დღეა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმის - რას პასუხობენ მმართველ გუნდს ენმ-ში

"ქართული ოცნების" წევრი "კურიერთან" 2007 წელს იხსენებს, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, უმრავლესობაში მყოფმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ორი დოკუმენტი დაამტკიცა. ერთი "დროებითი ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის შესახებ დადგენილება", მეორე კი - "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ " კანონპროექტი იყო. გია ცაგარეიშვილის თქმიოთ, ამ დოკუმენტებზე ხელმოწერით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამხრეთ ოსეთის ოლქი, საბჭოთა პერიოდში დადგენილი საზღვრებით აღადგინა და სოფელ კირბალის ტერიტორია საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

დაკარგული ტერიტორიები, ასზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მიტოვება და ომის შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციაზე ხელმოწერა, ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა, ოკუპანტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება - საპარლამენტო უმრავლესობა ყოფილ ხელისუფლებას წარსულს ახსენებს და პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებაც მოითხოვს.

"ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობაშიც" უპასუხეს და თქვეს, რომ ხელისუფლება საკუთარი დანაშაულის ოპონენტებისთვის გადაბრალებას ცდილობს. ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

2008 წელს განვითარებულ მოვლენებში "ნაციონალური მოძრაობის" როლზე კოლეგებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ "ევროპელ სოციალისტებში." დღეს ფრიდონ ინჯიამ ახალი ინიციატივა დააყენა, რომელიც 2008 წლის ომის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.

ოკუპაციის მძიმე შედეგებზე დღეს საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ ვითარებაში გამოსავალი ქვეყნის ევროინტეგრაციის გაძლიერებაა. პრეზიდენტმა ხვალ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც მმართველ ძალაში აცხადებენ, ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, "ქართული ოცნების" წევრები ოპონენტებს მოუწოდებენ, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ტრაგიკული შემთხვევა ბოროტად არ გამოიყენონ და საკუთარ პოლიტიკურ შეცდომებზე პასუხი აგონ.

სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ მოკლეს. კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები