25 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ომის 619-ე დღე უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა არტილერისტის დღის დაჯილდოების ცერემონიალი დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე 20 ოფიცერი

უკრაინაში ომის 619-ე დღეა - რუსი ოკუპანტები უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადას თავს დაესხნენ, შეტევის შედეგად, სულ მცირე 20 ოფიცერი დაიღუპა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარი 128-ე ბრიგადას მაშინ დაესხა თავს, როცა უკრაინელი ჯარისკაცები ზაპოროჟიეში, ფრონტისპირა დასახლებაში იმყოფებოდნენ. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. სარაკეტო თავდასხმა დაჯილდოების დროს მოხდა, უკრაინაში არტილერისტის დღეს აღნიშნავდნენ.

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 7 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა. საერთო ჯამში, გასულ დღე-ღამეში 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, პარალელურად, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას და წინ მიიწევენ კონკრეტული მიმართულებით.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, რუსები დონეცკის დასავლეთით შეტევას აგრძელებენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი აგრძელებენ კონტრშეტევას ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელებს გარკვეული წინსვლა აქვთ ბახმუტის სამხრეთ დასავლეთით, სადაც დაახლოებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ. რუსი სამხედროები კი, შეტევას ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით აგრძელებენ, თუმცა წინსვლა არ აქვთ.

სახმელეთო შეტევის გარდა, რუსი სამხედროები ბომბავენ ქალაქებს და რეგიონებს. ოკუპანტები უკრაინის სამხრეთით - ხერსონს დაესხნენ თავს რამდენჯერმე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის შედეგად არიან მძიმედ დაშავებულებიც. ოკუპანტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაღაზიასთან ახლოს ჩამოაგდეს. მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები