82 წლის ფრანგული ენის მასწავლებელმა, ეთერ აფრიამაშვილმა, რომელიც საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობდა, ნატვრა 45 წლის დაგვიანებით, თუმცა მაინც აიხდინა.
წლების განმავლობაში, საკუთარ მოსწავლეებს ვირტუალურად აყვარებდა ფრანგულ კულტურას, თავად კი საოცნებო ქვეყანა დღემდე მხოლოდ ფილმებიდან თუ იცოდა. ის, რაც აუხდენელი ოცნება ეგონა, საკუთარი თვალით ნახა.
პარიზის გარეუბანში მდებარე ვერსალის სასახლემ, თავისი მასშტაბებით, ფრანგული სტილით გაშენებული ბაღებითა და მდიდრული ინტერიერით, არც პედაგოგი დატოვა გულგრილი. საუკუნეების განმავლობაში, მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანმა მონაპოვარმა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფრანგული ენის პედაგოგი თავად ელჩმა- გოჩა ჯავახიშვილმაც მოინახულა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ღვაწლმოსილი პედაგოგის ოცნების ასრულებაში.
აღმოჩნდა, რომ "რუსთავი2-ის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, ფრანგულის მასწავლებელს სამცხე-ჯავახეთიდან პარიზში, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჰყავდა.
ეთერ აფრიამაშვილის ერთ კვირიანი მოგზაურობა, მონმარტრის შთამბეჭდავი ხედების ფონზე დასრულდა, სადაც ფრანგული ენის პედაგოგმა ემოციები ვერ დამალა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი