ღაზის სექტორში არსებული ვითარება მძიმეა. ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ღაზაში 10 000-მდე ადამიანი დაიღუპა. 70% ქალები და ბავშვები არიან. სამ კვირაში 3200- ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და ეს რაოდენობა გაცილებით აღემატება სხვა კონფლიქტების დროს მოკლული ბავშვების წლიურ რაოდენობას.
ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, ასი ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან, საპროტესტო აქციას მართავს. პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა ლონდონში, ბერლინში, პარიზში, ანკარასა და სტამბოლში. დემონსტრანტები აქციებზე პლაკატებით და პალესტინის დროშებით მივიდნენ.
ქალაქი ღაზა მთლიანად ალყაშია მოქცეული. ისრაელმა "ჰამასის" გვირაბების ქსელის განადგურების ოპერაცია დაიწყო. "ცახალის" მთავარი სამიზნე, ღაზის სექტორის მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია წლების განმავლობაში აშენებდა. რობოტებისა და ფეთქებადი მოწყობილობების საშუალებით, უკვე განადგურებულია ტერორისტების 100-მდე გვირაბი.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელის სამხედროებმა "ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 11 000 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს იერიში.
ღაზას სამხრეთით, ეგვიპტე ესაზღვრება, დასავლეთით ხმელთაშუა ზღვა, დანარჩენ ორ მხარეს კი ისრაელი მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ღაზაზე კონტროლი დაამყარა 2007 წელს, სექტორი ისრაელის ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდა, რასაც მისი მეზობელი ეგვიპტეც უჭერდა მხარს. ამიტომ, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ტერორისტებისთვის პრიორიტეტად იქცა ღაზის მიწისქვეშეთი.
ღაზის მთელი ტერიტორია საიდუმლო გვირაბებით არის დაქსელილი, თუმცა როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი - სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს. საუბარია დაახლოებით 2500 გვირაბსა და ბუნკერზე.