მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან 22-ე კვირას, წმინდა იაკობ მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს იყო წაკითხული სახარებიდან შესანიშნავი იგავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მდიდრისა და ლაზარეს შესახებ. უფალი მოგვითხრობს, რომ იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც იმოსებოდა ძოწეულით და ბისონით (ყველაზე ძვირფასი ტანსაცმლით) და ყოველდღე ბრწყინვალე სუფრას შლიდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ადამიანი მუდამ ძოწეულით და ბისონით იმოსებოდეს და ბრწყინვალე სუფრას შლიდეს, მაგრამ ეს იგავია და ამით უფალს გვეუბნება, რომ ეს კაცი, გარდა იმისა, რომ იყო მდიდარი და ასევე – ამპარტავანი, უმეტესად ზრუნავდა თავის სხეულზე, ვიდრე სულზე. იყო ასევე ღარიბიც, რომელსაც ერქვა ლაზარე. ეს ლაზარე მდიდრის ჭიშკართან იწვა, მათხოვრობდა და სრულიად დაწყლულებული, იმდენად ავად იყო, რომ ძაღლები მიდიოდნენ და ულოკავდნენ წყლულებს; ლაზარე ნატრობდა, რომ ამ მდიდრის ნასუფრალიდან დაცვენილი ნამცეცები მაინც შეხვედროდა. აი, გარდაიცვალა ეს ლაზარე და ანგელოზებმა იგი აბრაამის წიაღში აიტაცეს. აბრაამის წიაღს ებრაელები უწოდებდნენ იმ სავანეს, სადაც მართალთა სულები მკვიდრობდნენ გარდაცვალების შემდეგ მამამთავარ აბრაამთან ერთად.
აქ იბადება კითხვა – ეს ლაზარე მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. ნუთუ მხოლოდ ამ ტანჯვის, სიგლახაკისა და სიღარიბის გამო დაამკვიდრა იგი უფალმა აბრაამის წიაღში? მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი იტანჯება ამ წუთისოფელში, მაშინ ყველა უნდა დამკვიდრდეს აბრაამის წიაღში, მაგრამ ასე ხომ არ არის?!
ასევე შეგახსენებთ, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ყველანაირი სიღარიბე როდია სიწმინდე. ასევე, ყველანაირი სიმდიდრეც არ არის ცოდვა და დანაშაული. მაშ, რა მიზეზით ერგო ასეთი პატივი ლაზარეს უფლისგან? იმიტომ, რომ მან თავისი გაჭირვებისა და ტანჯვის შედეგად ისეთი შინაგანი თვისებები მოიპოვა, რომლებიც აუცილებელია აბრაამის წიაღში მკვიდრობისთვის. პირველ რიგში, ეს არის მოთმინება და სიმდაბლე. იგი მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა, მოგეხსენებათ, არანაირ სამედიცინო დახმარებას არ იღებდა, ვერც მიიღებდა იმჟამად, ამ მდიდრისა მას არ შურდა, იგი არ უჩიოდა არც სოციალურ უსამართლობას იმჟამინდელ საზოგადოებაში და არც ამ ბრწყინვალე სუფრის წართმევა უნდოდა მდიდრისთვის.
მაშ, რა უნდოდა მას? მხოლოდ ის უნდოდა, რომ იმ სუფრიდან დაცვენილი ნამცეცები მაინც შეხვედროდა, ნასუფრალიდან მაინც შეხვედროდა რამე; მაგრამ ამასაც კი არ ითხოვდა მდიდრისგან, არამედ მხოლოდ ნატრობდა, მხოლოდ ფიქრობდა, რომ იქნებ რამე შემახვედრონ ამ ნასუფრალიდანო. იგი არ იცნობდა იესო ქრისტეს, არ იცოდა მისი სწავლება, არასდროს გაეგო სწავლება სიმდაბლის შესახებ, არასდროს სმენოდა უფლის სიტყვები, რომ „მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენნი“. ეს ყველაფერი მან არ იცოდა, მაგრამ, როგორც ნათქვამია, თავისი ბუნებით ყოველი ადამიანი ქრისტიანია. და იგი ამ შინაგანი რელიგიური გრძნობით, შინაგანი რელიგიური ინტუიციით მიხვდა, რომ ამ ვითარებაში მას უნდა მოეთმინა და თავი დაემდაბლებინა, მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ამ სათნოებების მოხვეჭას და მოპოვებას.
და შედეგად რა მიიღო? ის, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ცხოვრების წიგნში. დღემდე ვიხსენიებთ ჩვენ მას.
მდიდრის სახელს კი უფალი არც ახსენებს, ლაზარესგან განსხვავებით. ამით გვასწავლის: მიუხედავად იმისა, თითქოს ასე კარგად და მხიარულად ცხოვრობდა, იგი არავინაა უფლისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მას მარადიული ცხოვრებისა და თავის სულის გადარჩენისთვის არაფერი გაუკეთებია, არაფერი მოუპოვებია. და ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის სწორედ მოთმინება და სიმდაბლე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მოიზიდავს სულიწმიდის მადლს ადამიანის სულზე. თუ ამას დაემატება სიყვარული და გულმოწყალება, სწორედ ამაში მდგომარეობს სულის გადარჩენა.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ასეთი მნიშვნელოვანია ეს იგავი, რომელიც დღეს წავიკითხეთ. ის გვასწავლის, რომ გარეგნული სიმდიდრე, რისკენაც უმეტესწილად მიისწრაფვის დღეს ადამიანი, მარადიული ცხოვრებისთვის არაფერს ნიშნავს, არამედ უმთავრესია ის შინაგანი თვისებები, რომლებსაც მოვიპოვებთ ჩვენს ცხოვრებაში, ეს შინაგანი სიმდიდრე და სულის მშვენიერება.
სწორედ ეს მიგვყვება ჩვენ მარადიულ ცხოვრებაში, სწორედ ეს თვისებები მიგვიძღვება ჩვენ აბრაამის წიაღში, რომლის დამკვიდრებას ღირს გვყოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რამეთუ მხოლოდ მას შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიო მიჯურიმა.
მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით, დღეს ბოყოველების გვარს დალოცავენ.