25 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე უარია, ისრაელი "ჰამასისგან" მძევლების გათავისუფლებას ითხოვს - ომი ისრაელში 

"ჰამასის" მებრძოლების ისრაელში შეჭრიდან 4 კვირა გავიდა. 29 დღის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ახლა ისრაელელი მებრძოლები ღაზაში "ჰამასის" გვირაბებს აფეთქებენ, ლიდერებს კი ერთმანეთის მიყოლებით ანეიტრალებენ.

ხმელეთი არ არის ერთადერთი ლოკაცია, საიდანაც ისრაელი ღაზას სექტორზე იერიშებს ახორციელებს. "ცახალმა" მმშვიდობიან მოქალაქეებს დღეს კიდევ სამი საათი მისცა იმისთვის, რომ სამხრეთ ნაწილში გადაენაცვლათ. ამის შემდეგ ისრაელმა ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები განაახლა.

რაკეტებს ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან "ჰამასიც" უშვებს. მას ლიბანიდან ჰეზბოლა ეხმარება. შესაბამისად, მთელი ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის ხმა ხშირად ისმის.

"ცახალსა" და "ჰამასს" შორის დაწყებული ბრძოლა რომ რელიგიურ ომში არ გადაიზარდოს, ამაზე ისრაელში მცხოვრები არაბებიც ზრუნავენ. მუსლიმთა ერთ-ერთი გაერთიანება "დრუზების" ლიდერი "კურიერს" უყვება, რომ ისინი ისრაელსა და ზოგადად, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

ისრაელს ეხმარებიან იქ მყოფი ქართველებიც. მათ შორის არის მზარეული ხვიჩა შავგულიძეც, რომელიც 8 წელია ისრაელში, სასტუმრო ორქიდეაში მუშაობს. "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ უკვე 1 თვეა გაორმაგებული ძალებით ცდილობს კონფლიქტის ზონიდან ჩასული მოქალაქეების დახმარებას.

ისრაელში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნავს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. ლაშა ჟვანია "კურიერს" უყვება, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის პირველ დღეებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო, ახლა კი განსაკუთრებული საჭიროებები არ არსებობს.

სამხედრო მოქმედებების პარალელურად, მთელს მსოფლიოს აინტერესებს, როგორ შეიძლება განვითარდეს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში. "კურიერი" ისრაელში მყოფ ანალიტიკოსსაც ესაუბრა. "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეჰუდ იაარი ამბობს, რომ არ გამორიცხავს ისრაელში ახალი ფრონტის გახსნას, ამჯერად სირიის მხრიდან. თუმცა, ექსპერტი დარწმუნებულია "ცახალის" თავდაცვით ძალებში.

მსოფლიო მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სანამ მსოფლიო კონფლიქტის დასრულების გზებს ეძებს, ომს შეწირულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

დღის ამბები