25 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ენმ-ს საარჩევნო სია, რომელიც პარლამენტარებისგან არ უნდა დაკომპლექტდეს - ვინ აკმაყოფილებს სააკაშვილის კრიტერიუმებს "ნაცმოძრაობის" სიაში მოსახვედრად

ყოფილი ყოფილის წინააღმდეგ - მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი პირველად და ღიად ნიკა მელია ხდება. ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე მკაფიოდ ისაუბრა. მოითხოვა პარტია დატოვოს ყველამ, ვინც მას შიგნიდან აზიანებს. ეს სააკაშვილის ერთადერთი დირექტივა არ ყოფილა, ის ამჯერად 2024 წლის არჩევნებისთვის სიის დაკომპლექტების საკუთარ ვერსიას ასახელებს. ითხოვს ფართოდ გაღებულ კარს და იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებიც პარლამენტის წევრები არასდროს ყოფილან.

ვინ იზიარებს და ვინ არა სააკაშვილის პოზიციებს?

ბაჩო დოლიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში მოსახვედრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - არც პარლამენტის დეპუტატი ყოფილა და ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარტიის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება. ამის მიზეზი ის შიდა განხეთქილებაა, რომელიც მას, როგორც ნიკა მელიას თანამოაზრეს, პარტიის თავმჯდომარესთან და მის გუნდთან აქვს. საარჩევნო სიის ჩამონათვალში თავად რომ არ იქნება იცის, მაგრამ ის არ იცის, პარტიის ახალი მენეჯმენტი ამ სიას როგორ დააკომპლექტებს. დოლიძე დარწმუნებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი სახეების მოძიება გაუჭირდება.

საარჩევნო სიის საკითხი დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილმა დააყენა. ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სიაში მხოლოდ ის პირები უნდა მოხვდნენ, ვინც პარლამენტის დეპუტატი არასდროს ყოფილა.

საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, ლევან ბეჟაშვილმა ჯერ არ იცის, თუმცა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ამბობს, რომ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის იდეა ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ემსახურება და თავად ამ პროცესს მხარს უჭერენ. "ნაციონალურ მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტში დარწმუნებულები არიან, რომ საარჩევნო სია პარტიაში მორიგი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზი არ გახდება.

როგორი უნდა იყოს 2024 წლის არჩევნებზე "ნაცმოძრაობის" სია, საკუთარი ვერსია აქვს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საერთო პოლიტიკური პლატფორმაც კი შექმნა. ვაშაძე ფიქრობს, რომ ახალ სახეებთან ერთად, სააკაშვილმა სიაში ის ადამიანებიც უნდა მოახვედროს, ვინც წლებია პოლიტიკურ ბრძოლაშია.

უკვე ორი დღეა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება. იქამდე, სანამ საარჩევნო სიის დაკომპლექტების თავისებურ ვერსიას გააჟღერებდა, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს საჯაროდ პირველად მოუწოდა შეწყვიტოს "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება და პარტიას დაემშვიდობოს.

თავად მელია კი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ყოფილი თავმჯდომარე საკითხს დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ პროცესები, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ამ პარტიას ასუსტებს და ეს საერთო პოლიტიკურ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

დატოვებენ თუ არა ნიკა მელია და მისი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" - ეს მას მერე გაირკვევა, რაც ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრებს დაასრულებს. ამის პარალელურად, უცნობია, როგორ დაკომპლექტდება პარტიის საარჩევნო სიაც და მოხვდება თუ არა მასში პარტიის მოქმედი დეპუტატი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები