25 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
4 დღე გადაწყვეტილებამდე - მმართველი გუნდი ოპონენტებს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ობიექტური შეფასებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მაგრამ რა როლი შეიძლება ითამაშოს პროცესში ოპოზიციამ - ნიკოლოზ სამხარაძე ღიად ამბობს, რომ ოპონენტები აგონიაში არიან, აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას და სტატუსის საბოტაჟს ევროპაში სიარულით ისევ აქტიურად განაგრძობენ.

ოპოზიცია ევროკავშირის შესაძლო დადებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს და ევროკავშირის კეთილ ნებას უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა და მოლოდინი არც ისე პოზიტიურია.

ვინ ეწინააღმდეგება მოქმედი ხელისუფლების პირობებში სტატუსის მიღებას? - ამას ოპოზიციაში ისევ არ ამხელენ, თუმცა ადასტურებენ, რომ პარტნიორებთან ამ საკითხზე საუბრები არაერთხელ ყოფილა. ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ვიზიტები საზღვარგარეთ მხოლოდ სტატუსის მიღებაზე პოზიტიურ გავლენას ემსახურება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ანტიეროვნული ქმედებების შენიღბვას უშედეგოდ ცდილობს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, ამერიკასა და ევროპაში მათი ოპონენტების ვიზიტები მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება - შეცვალონ მოსალოდნელი პოზიტიური გადაწყვეტილება.

პოზიტიური მოლოდინის ფონზე ოპოზიციის საბოტაჟზე, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ "ღამის კურიერში" ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ისევ შარშანდელი სცენარით მოქმედებენ - გადაწყვეტილების მიღების წინ ლობირებენ იმას, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიენიჭოს.

ზუსტად 4 დღეში გახდება ცნობილი ევროკომისიის შეფასება, რომელიც თავის მხრივ იქნება რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის - მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

დღის ამბები