საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული პატიმრის, რომელიც თაღლითური სქემის შექმნასა და 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებაშია ბრალდებული, ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არარსებულ მტკიცებულებებს ეფუძნება.
მისივე ინფორმაციით, 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი ექსტრადირება აღნიშნული ბრალდებით დაუშვებლად ცნო.
"წლების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის, ევროკავშირის ტერიტორიაზე. არ არის სიმართლე, რომ ის საქართველოში იმალებოდა, ის ჩამოსული იყო კონკრეტული ბიზნესპროექტის განსახორციელებლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი ექსტრადირება აღნიშნული ბრალდებით დაუშვებლად ცნო.
იგი დააკავეს ბათუმში, თებერვალში და ქართულმა მართლმსაჯულებამ, სამწუხაროდ, არ გაიზიარა ჩვენი, დაცვის მხარის საკმაოდ მყარი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა მომხდარიყო ამ პირის ექსტრადირება აშშ-ში. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ იყო აბსურდი, რომ, ფაქტობრივად, მის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა დამყარებული იყო არარსებულ მტკიცებულებებზე. იგი არის ბიზნესმენი და, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ძალიან სერიოზულ კრიპტო ბიზნესში, იყო შემქმნელი არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თაღლითური პლატფორმებისა," - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.