გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გია ცეცხლაძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი თანაპარტიელი გიორგი გახარიას გუნდმა სიცრუის ტირაჟირებაში, სწორედ პარტიიდან წასვლის შემდეგ დაადანაშაულა. გია ცეცხლაძე, რომელიც 2021 წელს, ოზურგეთში, გახარიას გუნდის მერობის კანდიდატი იყო, დღეს, ყოფილი თანაგუნდელებისთვის მატყუარაა. ბერდია სიჭინავა ამტკიცებს, რომ პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნას ან ზოგადად სამომავლო თანამშრომლობას არ აპირებს.
გია ცეცხლაძემ პარტია დატოვა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ გიორგი გახარია შიდა პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, თანაგუნდელებს ატყუებდა და მისი საბოლოო მიზანი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა იყო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" გახარიასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საქმიანი ურთიერთობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან აქვთ.
გიორგი გახარიას პარტიიდან წევრის წასვლას, შიდა პოლიტიკურ საკითხს უკავშირებენ ოპოზიციაში. პარტია "საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კი, წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
გია ცეცხლაძის განცხადება და მიზეზი, რის გამოც მან პარტია დატოვა, "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი არგუმენტია თქვან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარია ერთად მოქმედებენ. მმართველმა ძალამ დღეს "ნაცმოძრაობისა" და პარტია "საქართველოსა" თანამშრომლობის სხვა ფაქტებიც გაიხსენა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ წრეებში "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი გახარიას გუნდის თანამშრომლობაზე საუბრობენ, თუმცა, პირველია, როდესაც ამაზე ღიად თავად ყოფილი პრემიერის პარტიის უკვე ყოფილი წევრი ალაპარაკდა.