ომი ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად მწვავე ფაზაში შედის. დღეს პირველად, 2006 წლის შემდეგ, ტელევიზიით სიტყვით გამოვიდა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა, რომელმაც ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ასი პროცენტით პალესტინური ოპერაცია უწოდა.
წინასწარი პროგნოზები არ გამართლდა: "ჰეზბოლა" არ აპირებს ისრაელთან ახალ ფართომასშტაბიან ომში შესვლას, თუმცა საზღვართან ლოკალური შეტაკებები, როგორც ჩანს კვლავ გაგრძელდება. ნასრალამ მთელი პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა და თელ ავივს მხოლოდ ვაშინგტონის ინსტრუმენტი უწოდა.
გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა ღაზაზე იერიში ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან მიიტანა და ჰამასის ინფრასტრუქტურა გაანადგურა. სექტორის უდიდეს ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და კვამლი შორი მანძილიდან ჩანდა. იერუსალიმის განცხადებით, საჰაერო თავდასხმის დროს ჰამასის მეთაური, მუსტაფა დალული მოკლეს. პარალელურად, შეტევა იყო ჰეზბოლას ტერორისტების წინააღმდეგ, ლიბანის მოსაზღვრე ქალაქ კირიან შმონასთან.
კადრებში, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს, ღაზის სექტორში, ჰამასის მიწისქვეშა გვირაბები ჩანს. დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილი იერიშის მასშტაბი.
ღაზას ცენტრალური და ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი სექტორის სამხრეთში, ქალაქი ხან იუნისიში ჩავიდა. ადგილობრივების თქმით, იქ მილიონამდე პალესტინელია თავშეფარებული. ქალაქში არ არის ყველასთვის სამყოფი პროდუქტები და წყალი. მოსახლეობა პურის რიგში ღამით დგება და ხალხის დიდი ნაწილი მის ყიდვას მეორე ღამემდე ვერ ახერხებს.
რეიდებს და კონტრტერორისტულ ოპერაციებს განაგრძობს ისრაელი დასავლეთ სანაპიროზეც, რაც მოსახლეობასთან შეტაკებებით მთავრდება. პალესტინის სამედიცინო სამსახურის მტკიცებით, გასული ღამის განმავლობაში, სხვადასხვა ინცინდენტის დროს 8 ადამიანი დაიღუპა. უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე კი რეიდების დროს შეტაკებებს 121 მოქალაქე შეეწირა. დღეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის რეიდის დროს მოკლული 2 მოქალაქე დაკრძალეს. ჰებრონის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა და რეიდები გააპროტესტა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ცდილობს დაითანხმოს ისრაელი კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელმაც ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ისრაელში უკვე მესამედ ჩასული ენტონი ბლინკენი პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა.
დღეს ომში მოკლული პალესტინელი ტელეჟურნალისტი მუჰამედ ჰაბუ ატაბი დაკრძალეს. ის ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს, ოჯახის 10 წევრთან ერთად დაიღუპა. სატელევიზიო არხმა ისრაელი ჟურნალისტის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა. პალესტინის ჟურნალისტთა კავშირის თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ, 27 ჟურნალისტია დაღუპული.