25 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განვაცხადე - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სუსმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა დაავალა. 

"ჩემს ბოლო "სასამართლო სხდომაზე" გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლაზე, სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად "ეფ-ეს-ბეს" აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით.
დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას. ნოდარ მელაძის გამოძიებით დადასტურებულია, რომ დღევანდელი უშიშროების სამსახურის მესვეურები საქართველოში მასპინძლობდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ "ეფ-ეს-ბეს" მე-5 სამმართველოს უფროსს, გენერალ ბესედას, ეს ის გენერალია, რომელსაც პირადად პუტინისგან ჰქონდა დავალებული უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი დაპყრობის მომზადება ძირგამომთხრელი "აქტიური" ღონისძიებებით და რა თქმა უნდა, ოლიგარქის უსაფრთხოების წარმომადგენლები, ყოველივე ამის ფონზე, პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ კოლაბორაციონისტად და ოკუპანტის აგენტებად.

მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება.

დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.

დღევანდელი "ეფ-ეს-ბეს" ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე კი, უარს ვამბობ.
რაც შეეხება ზოგადად რუსების შემოსვლას საქართველოში, გარდა დივერსიული ჯგუფისა, დანარჩენების უმეტესი ნაწილიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები შემთხვევით არიან ამ მიწაზე და პირველი დღიდან როგორც "ხაზაინები" ისე იქცევიან.

ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი უძრავი ქონების გაყიდვისა და საქართველოს დატოვებისთვის, ასი ათასზე მეტი იმპერიალისტური განწყობის უცხოელის აქ ყოფნა, საქართველოსთვის აუწეველი ტვირთია," - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები