26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ულტიმატუმების წაყენება და წამმზომის ჩართვა არ არის მიდგომა, რომლითაც შეიძლება შედეგი დაიდოს - ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევის საკითხი, დღის წესრიგში ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე დადგა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს პარლამენტში ფორმალური პროცესები.

ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი გუნდი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ აღნიშნულ საკითხზე შედეგი დაიდოს, რაზეც ულტიმატუმის ენით საუბარი და წამმზომის ჩართვის საკითხიც მიუთითებს.

"ოპოზიციამ ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმა მოითხოვა, ოპოზიციის მოთხოვნების შემდეგ დაიწყო ამ საკითხზე ფორმალური პროცესები საქართველოს პარლამენტში. ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში შევიდნენ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც იქნებიან საზოგადოებრივი ინტერესების დამცველები მართლმსაჯულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ოპოზიცია მზადყოფნაშია, რომ ასეთი ადამიანების არჩევას ხელი შეუწყონ. რაც შეეხება ულტიმატუმების და ვადის დათქმის, წამმზომის ჩართვის საკითხს, ეს არ არის მიდგომა, რომლითაც შეიძლება შედეგი დაიდოს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ის ვადა, რომელიც ხელისუფლებად კანდიდატების წარსადგენად ოპოზიციას მისცა, არასერიოზულია და მიმართულია იქითკენ, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

"მაგ საკითხზე მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს, ამიტომ მე გამიჭირდება გითხრათ საბოლოო პოზიცია ამ თემაზე რა არის, მაგრამ ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ვადის დადგენა უბრალოდ არასერიოზულია და მიმართულია იქითკენ, რომ ეს მოლაპარაკება და ეს საკითხი უბრალოდ ჩავარდეს. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არალოგიკურია და როგორც მინიმუმ საჭიროა იმ ადამიანებთან დამატებითი კონსულტაცია ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები