საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე უყარა.
ინაუგურაციის დღედ, 29 დეკემბერი განისაზღვრა. პროექტი შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამავე გამოსვლაში განმარტა, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს აირჩევს და რა შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური. ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ავირჩევთ - ამერიკული მოდელით, კანდიდატს კენჭს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია უყრის.
პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"იმ პროცესში, რომელიც პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება ახალი წესით, არ ვიღებთ მონაწილეობას, ისევე როგორ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ იმ პარლამენტს, რომელიც კონსტიტუციური სივრციდან არის გასული,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ეყოლება, არალეგიტიმური იქნება.
"ყველა პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოჰყვება არჩევნებს, იქნება არალეგიტიმური, მით უმეტეს დაკავშირებული უშუალოდ პარლამენტთან, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველ ხალხთან აღარ არის დაკავშირებული პრეზიდენტის არჩევა, არის დაკავშირებული პარლამენტთან, რომელიც არის არალეგიტიმური. ამიტომაც, შეუძლებელია, ამ პროცესის მიმართ ჩვენ რაიმე სახით ვიყოთ ჩართულები ან მიგვაჩნდეს ლეგიტიმურ პროცესად. ის პრეზიდენტი, რომელიც ეყოლება საქართველოს, არ იქნება ლეგიტიმური,“ - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
განცხადება გააკეთა ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ.
"მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ივანიშვილმა არჩევნების უფლება წაართვა მოქალაქეებს, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს, წარმოუდგენელია,“ - აცხადებს ირაკლი კუპრაძე