შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და სპეციალიზაცია ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგად, დამტკიცდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზების წესი და შემუშავდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
"მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით თითქმის 8 000 სამართალდამცავი გადამზადდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განავითარებს საგანმანათლებლო პროგრამებს და აკადემიის ბაზაზე დანერგავს საბაკალავრო პროგრამას, რაც სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთათვის უზრუნველყოფს, პროფესიულთან ერთად, აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობას.