სახალხო დამცველის შეფასებით, ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრება ლეგიტიმური იყო. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ათ დღეში, საკანონმდებლო ორგანო უნდა შეიკრიბოს. საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი- აცხადებს ომბუდსმენი.
“არც საქართველოს რეგლამენტი, არც სხვა ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი არ არის კონსტიტუციაზე უმაღლესი იერარქიული მნიშვნელობის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტიტუციაში წერია, რომ არა უგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს საქართველოს პარლამენტი, რაც ასე მოხდა და იყო სრულიად ლეგიტიმური. ყველა სხვა საკითხი, ეს შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სარჩელი და ნებისმიერი სხვა, ეს არის განხილვის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ იმსჯელებს ამაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.