სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა, საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხორთუმთან მდებარე სწრაფი რეაგირების ძალების ბაზაზე. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის, შეტაკებების დროს, მსხვერპლის რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხელი ხაზი აამუშავა.
თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, უწყება განმარტავს, რომ რამდენიმესაათიანი ჰუმანიტარული დერეფანი განკუთვნილი იყო მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის.
"დაახლოებით 30 ქართველია, როგორც სხვა ყველა ქვეყანამ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გაკეთდეს ჰუმანიტარული კორიდორი, ან შესაძლებლობა მოვძებნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომელიმე მხარემ რომ აიღოს კონტროლი და შემდეგ ამ მხარესთან მოხდეს მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ კორიდორზე. ქართველები ყველანი უსაფრთხოდ არიან, არავის არაფერი სჭირს, ჯანმრთელად არიან და არიან იმ ადგილას, სადაც ცხოვრობენ და გარეთ გამოსვლას ერიდებიან", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
"არსებობს საერთო ღრმა შეშფოთება სუდანში მიმდინარე ბრძოლებთან და ძალადობასთან დაკავშირებით. სიტუაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და პოტენციურად რეგიონსაც. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სუდანის სწრაფი რეაგირების ძალების ხელმძღვანელი და გარდამავალი სამხედრო საბჭოს უფროსის მოადგილის მუჰამედ ჰამდან დაგალო განცხადებით, მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურთ.
"მე უბრალო ბედუინი კაცი ვარ, რომელიც სუდანის მიდამოებში გაიზარდა და არაფერი მიუღია ქვეყნისგან ძალადობის გარდა. ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თუ ვინმე ამას არ გააკეთებს, წინ არ წავალთ. ჩვენ ვუდასტურებთ ჩვენს ხალხს მტკიცე ვალდებულებას 2023 წელს არჩევნების დროულად ჩატარების მიმართ და ვაახლებთ მტკიცე პირობას, მივაღწიოთ რევოლუციის მიზნებს, რომლებიც გულისხმობს თავისუფლებას, მშვიდობასა და სამართლიანობას", - განაცხადა მუჰამედ ჰამდან დაგალომ.
ცნობისთვის, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის, შეტაკებების დროს, მსხვერპლის რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხორთუმთან მდებარე "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზაზე. დაშავებულია ასობით ადამიანი. დაპირისპირებული მხარეები მანამდე შეთანხმდნენ, საომარი მოქმედებები სამი საათით შეეწყვიტათ, რათა დაჭრილები საავადმყოფოებში გადაეყვანათ, თუმცა, აფეთქებები და სროლები მაინც არ წყდება. ბრძოლა რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ დაიწყო სამხედრო მეთაურსა და "სწრაფი რეაგირების ძალების" ხელმძღვანელს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო მოხდა.