26 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მოძალადე მამა და მამინაცვალი - არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ორი უმძიმესი ფაქტი გამოავლინეს

კახეთში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ორი უმძიმესი ფაქტი გამოავლინეს. პირველ შემთხვევაში, 50 წლამდე მამაკაცი 15 წლის შვილს, ადგილობრივების თქმით, სისტემატურად აუპატიურებდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ დანაშაულს თვითმხილველიც ჰყავს - არასრულწლოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ძალადობდა მამა მის დაზე. სოფელში ჰყვებიან, რომ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

საზარელი დანაშაულის შესახებ პოლიციას სკოლიდან აცნობეს, ეს მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა სკოლაში ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი მოისმინა.

დღეს კახეთში გაუპატიურების კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი გამოვლინდა. ამ შემთხვევაში 14 წლის მოზარდი გოგონა სექსუალურ ძალადობაში მამინაცვალს ადანაშაულებს. სავარაუდო ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს გოგონას მეგობარმა ბიჭმა შეატყობინა.

დაზარალებული ორი წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მასზე საკუთარ ოჯახში დაბრუნების შემდეგ იძალადეს. მოზარდის დედა "კურიერს" უყვება, რომ ქმრის მხრიდან საეჭვო ქმედება მას არასდროს შეუნიშნავს. ფაქტის შესახებ კი თავადაც პოლიციისგან შეიტყო.

დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ბრალით ორი მამაკაცი უკვე დაკავებულია. თავად მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს და მკურნალობის კურსები დაუნიშნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც. დაკავებულებს ბრალი უკვე დაუზუსტდათ, აღკვეთ ღონისძიებად კი პატიმრობა განესაზღვრათ. წინასასამართლო სხდომის შემდეგ ორივე საქმე არსებით განხილვაზე გადავა.

დღის ამბები