26 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
რატომ არ შემოუშვეს აშშ-ის მოქალაქე საქართველოში და შეიძლება თუ არა, ქომინსისთვის უარის თქმა სანქციების ერთ-ერთი საფუძველი იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დღეს პირადად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ამერიკის მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინს. გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ შემოუშვეს ამერიკელი სპეციალისტი თბილისში.

სუსის უფროსი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი 7-8 მარტის აქციებს უკავშირდება. ლილუაშვილმა თქვა ისიც, რომ მარტში განვითარებულ მოვლენებზე ახალი გამოძიება დაწყებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა. გახდა თუ არა ამერიკის მოქალაქის არშემოშვება, ქართველი მოსამართლეების სანქცირების წინაპირობა? სუსის უფროსი ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი ამერიკული მხარეა.

ლილუაშვილის თქმით, მის უწყებას ამ საკითხზე შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ დაჰკავშირებია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სპეციალისტმა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვამდე საქართველოში რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მელაძესთან. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრებზე აქციების სტრატეგია განიხილეს. მათ შორის მოხდა ახალგაზრდების ნაწილის, მათ შორის ფრანკლინის კლუბის წარმომადგენლების დატრენინგება. თავად გიორგი მელაძე მარშალ ქომინსთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია აღარ უნახავს.

ფაქტს დღეს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. დეპუტატების ნაწილს სანქციებთან პირდაპირი კავშირის გავლება უჭირს, ნაწილი კი პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით მიზანმიმართულ და კარგად დაგეგმილ კამპანიაზე საუბრობს. ოპოზიცია მომხდარს ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.

არსებული ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ამ დრომდეც არაერთხელ იმყოფებოდა. ღია წყაროებით ცნობილია, რომ ქომინსი არის რუსეთისა და ევრაზიის საკითხების სპეციალისტი და ე.წ. კრიზის მენეჯერი. ის საქმიანობდა და ახლო კონტაქტები აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ ქვეყანაში.

 

დღის ამბები