26 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
NATO გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც განიცდიან რუსეთისგან ზეწოლას, მათ შორის, მოლდოვის, საქართველოსი და ბოსნია-ჰერცოგოვინის - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ​იენს სტოლტენბერგმა საგარეო მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ NATO გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის, მოლდოვის, საქართველოსი და ბოსნია-ჰერცოგოვინის.

მინისტერიალი ბრიუსელში დასრულებულია. შეხვედრა ისტორიული იყო იმით, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს 31-ე წევრი შეემატა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ NATO დაეხმარება უკრაინას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ალიანსმა დაიწყო მომზადება ივლისში ვილნიუსის სამიტისთვის.

"ახლახან დავასრულეთ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებლად ივლისში. მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენს უახლეს წევრს. მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ შვედეთი უნდა გახდეს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად. ვთანხმდებით, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა აუცილებელია. ასევე, განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ შეძლებს ევროპული უსაფრთხოების შესუსტებას. ამიტომ, უკრაინას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და უკრაინის უსაფრთხოებისთვის ღონისძიებებს. შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინისთვის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე, რაც აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გაიზარდოს უკრაინის თავსებადობა NATO-სთან და მივიდეს იგი NATO-ს სტანდარტებთან. NATO-ს მოკავშირეები ერთგულნი არიან მისცენ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება, რათა გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში და მიაღწიოს სამართლიან და მტკიცე მშვიდობას. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც განიცდიან რუსეთისგან ზეწოლას, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსი და ბოსნია-ჰერცოგოვინის,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები