20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები.
"20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვის გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად დარიგდება უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები და თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს იქნება ამ ადამიანების სამუდამო საკუთრება და თავადვე მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ, გააგრძელონ მუშაობა, იჯარაში გადასცენ ვინმეს, გაყიდონ თუ ა.შ.
ვინაიდან ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მე რამდენიმე მთავრობაზე ვთქვი და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო და მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა, ვინმე დარჩეს უკმაყოფილო. ამიტომ 20 მარტამდე აუცილებლად უნდა აიღოთ A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ პირველ თქვენ პირველ აპრილს ვეღარ შეძლებთ, აიღოთ უვადო ნებართვები,"- განაცხადა კალაძემ.