26 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ლეგიტიმაციის საკითხი უკვე დასრულებულია და სახალხო ლეგიტიმაცია ჩვენს პარლამენტს უკვე აქვს, აქ უკვე საკითხი ერთ რამეზე დგას - ვინ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება ჩვენი მოქალაქეების ნებას  - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს, თავისი არჩევანით, ლეგიტიმაცია უკვე მიანიჭა, ახლა ოპოზიციის პასუხისმგებლობაა გამოიყენებს თუ არა თავის უფლებამოსილებას. ამის შესახებ იონათამიშვილმა გადაცემა "დღის კურიერში ისაუბრა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, რომლის შესახებაც ეუთო/ოდირი თავის წინასწარ ანგარიშში საუბრობდა.

"საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარებულია. ეს იყო კონკურენტული არჩევნები, თითოეულ სუბიექტს შეეძლო სრულფასოვნად, შეუფერხებლად ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის სიტყვები, რომელსაც თავის წინასწარ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, ეს შავით თეთრზე წერია მათ დასკვნაში.

საქართველოს მოქალაქეებმა მრავალპარტიული პარლამენტი უკვე აირჩიეს, ამ პარლამენტში, საპარლამენტო მანდატების განხორციელების შესაძლებლობა ხუთ პოლიტიკურ პარტიას მისცეს. აქედან, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს "ქართულ ოცნებას", რომლებიც 89 მანდატით ვართ წარმოდგენილნი, მაგრამ 61 მანდატი ჩვენმა მოქალაქეებმა გადაანაწილეს ოპოზიციაზე.

აქ უკვე საკითხი ერთ რამეზე დგას - ვინ როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდება ჩვენი მოქალაქეების ნებას, ანუ ვინ განახორციელებს ამ უფლებამოსილებას და ვინ არა. აქ სხვა საკითხი უკვე აღარ განიხილება, ლეგიტიმაციის საკითხი უკვე დასრულებულია და სახალხო ლეგიტიმაცია ჩვენს პარლამენტს უკვე აქვს. ვინ არის პასუხისმგებლობიანი და ვინ უპასუხისმგებლო, ამ კითხვას გაეცემა პასუხს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები