ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და პარტიების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან და მეტს მოითხოვენ, მათ შორის, ოპოზიციისგანაც.
"ქართველი ხალხი იცით რით არის უკმაყოფილო - იმით, რომ მოპარეს არჩევნები, ეს რეალობა უნდა რომ შეცვალოს და მეტს მოითხოვს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებიდან, რაც არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. გვექნება, რა თქმა უნდა, კოორდინაცია არა მხოლოდ გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიებთან, არამედ, ფართო საზოგადოებრივ შემადგენლობასთან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"გახარია საქართველოსთვის" წევრების თქმით კი, ნებისმიერი რადიკალური სცენარი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს.
"ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენი გეგმით ვმუშაობთ. ჩვენ ცალკე პოზიცია გვქონდა ყოველთვის.
არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, მაგრამ ნებისმიერი რადიკალური, არამშვიდობიანი სცენარის განვითარება მხოლოდ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ამასთან, ნიკა გვარამიას შემდეგ, ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასა და პარტიების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ნიკა მელია საუბრობს. კოალიცია "ცვლილებებისთვის" კიდევ ერთმა ლიდერმა, სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ამბობს, რომ ოპოზიციისგან მთავარი ახლა მანდატების და სიების ჩახსნაა. მან ახსენა ის უკმაყოფილებაც, რომელიც პარტიების მისამართით ისმის. ნიკა მელიას შეფასებით, ადამიანები სოციალური კაპიტალის მოპოვებას, სხვისი კრიტიკით ცდილობენ. იქამდე, ნიკა გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რომ სამომავლო სტრატეგიის შესახებ პოზიციები ცვალებადი და ჩამოუყალიბებელია.