27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მიაღწევს თუ არა ევროკავშირის 27 ქვეყანა კონსენსუსს ახალი 3 კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ევროკავშირის 27 ქვეყანამ, დაახლოებით, 1 თვეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემს თუ არა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსს. ხანგრძლივი მსჯელობა და განხილვა ერთადერთ მიზანს - სრული კონსენსუსის მიღწევას ემსახურება.

27 წევრიდან ნაწილი კავშირის გაფართოვებას სკეპტიკურად უყურებს, შესაბამისად, კანდიდატობის მსურველ ქვეყნებში მოლოდინებზე წინასწარი განცხადებები სიფრთხილით კეთდება. ქართული პოლიტიკური სპექტრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ რა პოლიტიკური დატვირთვა ექნება საქართველოსთვის სტატუსის მიღებას.

ევროპელი ლიდერებისგან პოზიტიურ გზავნილს ელოდება ოპოზიციის ნაწილი. ნაწილი კი უარის შემთხვევაში პოლიტიკურ პასუხიმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს. პარტიებში მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირისგან კონკრეტულ, დროში გაწერილ საშინაო დავალებასაც მიიღებს.

ევროკავშირისგან სამართლიანი შეფასების მოლოდინი აქვთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ იმაზე, თუ რა ნაბიჯებია გადადგმული ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. სახელისუფლებო გუნდში ყურადღებას იმაზე ამახვილებენ რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის რუსული აგრესიის ფონზე აუცილებელია.

ბრიუსელსა და თბილისში მომავალი თვე პოლიტიკურად დატვირთული იქნება, საქართველო, უკრაინასა და მოლდოვაზე მოსაზრება ჯერ ევროკომისიამ უნდა წარადგინოს, ამის შემდეგ პროცესში ევროპული საბჭო ჩაერთვება. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

დღის ამბები