27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
კაკულიების საქმე - რა დანაშაულების ჩადენას ედავება პროკურატურა ძმებს და რა საქმეზე თანამშრომლობს უწყება სომეხ კოლეგებთან

ძმებ კაკულიებს ბრალი დღის ბოლოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ოფიციალურად წარუდგინეს. განზრახ მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა - ამ მუხლებით გაასამართლებენ ძმებს, რომლებსაც თბილისში არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ედავებიან.

ძმები, დათა და გუგა კაკულიები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ საქმეში სათვალთვალო კამერის ჩანაწერებთან ერთად დევს მოწმეთა ჩვენებებიც. გამოძიება ამტკიცებს, რომ მოპედით მოძრავი თავდამსხმელები, რომლებმაც ორი პირს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს, სწორედ ძმები კაკულიები იყვნენ.

რა მოტივით განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე? ამაზე გამოძიება, ჯერჯერობით, არ საუბრობს. დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ძმები კაკულიები გუშინ ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დააკავეს. არ არის გამორიცხული მათ ბრალი დაუმძიმდეთ, ერთ-ერთი ვერსიით მათი სახელი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს, კვარაცხელიების ოჯახი დღეს უკვე ღიად საუბრობს, რომ ამ გახმაურებული მკვლელობის უკან სწორედ ძმები კაკულიები დგანან.

ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავენ პროკურატურაშიც. ამ მიზნით საგამოძიებო უწყება აქტიურად თანამშრომლობს სომხეთის შესაბამის უწყებებთან.

ძმები კაკულიების მიმართ გამოძიება აღკვეთის ღონისძიებად სასამართლოში პატიმრობას ითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს 17 წლამდე პატიმრობა ელოდება.

დღის ამბები